პრემიერის გამოსვლა, ალბათ, უფრო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის აუდიენციაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის (PACE), - ასე გამოეხმაურა ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის PACE-ში გამოსვლას.
ჩიქოვანის თქმით, ევროპის საბჭო ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, თუმცა პრემიერისგან ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისთვის ახორციელებს.
”ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პრემიერმა თავის გამოსვლაში პოზიტიურად აღნიშნა, სასამართლო რეფორმა იყო, თუმცა ჩემს კითხვაზე - რამდენად კმაყოფილია და როგორ შეაფასებდა ის სასამართლო რეფორმას, რომელმაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს მართლმსაჯულების სახედ გახადა მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებებიც ამ ორგანიზაციის - ევროპის საბჭოს - ადამიანის უფლებათა სასამართლოს რამდენჯერმე უარყოფილი აქვს, მან თქვა, რომ სრულყოფილი არავინ არ არის. პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს ყოველთვის ახლავს გარკვეული უკმაყოფილება, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს თანამოქალაქეებში ნამდვილად არ არსებობს იმის შეგრძნება, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ასევე, იყო გარკვეული უზუსტობა, რომ ოპოზიციასთან მიღწეულია შეთანხმება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც არაზუსტი ინფორმაციაა”, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს ჰქონდათ ნათელი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა ვენეციის კომისიის მოთხოვნები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და რამდენიმე კითხვა სწორედ ამ შინაარსის იყო. ასევე, დაისვა შეკითხვები მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
”პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ ეს იქნება ყველაზე თავისუფალი არჩევნები, თუმცა ამ ყველაფერს მომავალში დასჭირდება საქმით დამტკიცება”, - დასძინა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.