კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს
საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილი დღეს ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ამ ქუჩებზე გამგეობა და კეთილმოწყობის სამსახური პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. ზაქარიაძის N3-ში მდებარე კორპუსს გამაგრების სამუშაოები უტარდება. პროექტს კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარს აღწევს. გივი კუბლაშვილის განცხადებით, ავარიული შენობების გამაგრებისათვის ბოლო ორი წლის ბიუჯეტი თითქმის ათჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს.
„წლევანდელი ბიუჯეტით გათვალიწინებულია და უკვე მაგრდება 45 კორპუსი. ბოლო ორი წლის განმავლობაში 45 მილიონი ლარის არის დახარჯული ავარიული კორპუსების გამაგრებაზე,“ - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
რაც შეეხება ასათიანის ქუჩას, აქ საბურთალოს რაიონის გამგეობამ სანიაღვრე სისტემა მოაწყო. სამუშაო პროცესში გამოვლინდა მიზეზი, რაც აღნიშნულ ქუჩაზე გზის დეფორმაციას იწვევდა. სანიაღვრე არხის გათხრისას სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ 2 მეტრის სიღრმეზე სასმელი და გრუნტის წყლების ნაკადები ჩაედინებოდა, რაც გზას გრუნტს აცლიდა და მის დეფორმაციას იწვევდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ გამგეობისა და ქალაქის მერიის ყურადღება მათი უბნისათვის უპრეცედენტოა, რადგან მოთხოვნების უმეტესობა, რაც ამ ტერიტორიაზე არსებულ კორპუსების მცხოვრებლებს ჰქონდათ, გათვალისწინებულია.