ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესასრულებლად რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქრთველოს პარლამენტიდან აცნობეს, საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტისა და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შეთავაზებული რეგლამენტის ცვლილებების პროექტები. შემოთავაზებული რეგლამენტის ცვლილებების პროექტებით გათვალისწინებულია კანონპროექტების განხილვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის პროცესის დახვეწა, საკანონმდებლო პროცესში კონსულტაციების ჩატარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, კანონპროექტების განმარტებითი ბარათების დახვეწა და საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.
ორგანიზაციები მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით განახლებულ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტს მაისში დანიშნულ საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივ შეხვედრაზე წარადგენენ.
რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტების განხილვაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, ხათუნა გოგორიშვილი და თემურ მაისურაძე. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და პარლამენტის აპარატის იურიდიული, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
საკონსულტაციო ჯგუფი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს აერთიანებს. მისი მოვალეობაა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ხელშეწყობა.