ერთმანდატიანი ფეოდალური მაჟორიტარული წესწყობილება სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ერთმანდატიანი ფეოდალური მაჟორიტარული წესწყობილება სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ერთმანდატიანი ფეოდალური მაჟორიტარული წესწყობილება, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში ათწლეულების მანძილზე, სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ინტერპარტიული ჯგუფის მიერ საარჩევნო სისტემის მოდელის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე საუბარი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და ქვეყანა განვითარების ახალ მოდელზე უნდა გადავიდეს. დეპუტატის განცხადებით, ისინი გაეცნობიან არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მოდელს და თუ ჩათვლიან, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უნდა დაუჭირონ მას მხარი, სავარაუდოდ, კოლეგებს დაეხმარებიან.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ინტერპარტიულ ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. ამას ჩვენ ვპროგნოზირებდით, მაგრამ არ ვაკეთებდით ხმამაღალ განცხადებებს მოლაპარაკების პროცესისთვის ხელი რომ არ შეგვეშალა. მანამ, სანამ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიცის მიმართ ერთგვარად გამომყენებლური დამოკიდებულება არ შეწყდება, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას და ახასიათებს ამჟამინდელსაც, არაფერი არ გამოვა. ხელისუფლება, განსაკუთრებით ოპოზიციურ პოლიტიკურ სექტორს, ყოველთვის ელაპარაკება ძლიერის პოზიციიდან, არადა აქ უნდა დავიცვათ ყველას უფლებები და ერთნაირი სასტარტო პირობებში უნდა იყოს ჩაყენებული. რაც შეეხება ინტერპარტიული ჯგუფის მიერ შეთავაზებულ მოდელს, ამ პროექტს დეტალურად გავეცნობით. მე ვფიქრობ, ნებისმიერი პროექტი შეიძლება იყოს მხარდაჭერილი და ნებისმიერი რამ ჯობია იმას, რაც დღეს მოქმედებს საქართველოში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.