გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა სამხრეთ კავკასიის ტურნე გააუქმა, - ამის შესახებ სომხური გამოცემა „მედიამაქსი“ სომხეთში გაერო-ს ოფისის წარმომადგენელ არმინე ჰალაჯიანზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ჰალაჯიანს გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა განუცხადა.
„სტეფან დიუჟარიკის თქმით, გენერალურ მდივანს სურს რეგიონში ვიზიტი, თუმცა, მას იგივე დროს სხვა ადგილას უწევს გამგზავრება სასწრაფო მიზეზების გამო. ამიტომაც სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის თარიღი გადაიხედება“, - განაცხადა არმინე ჰალაჯიანმა.
23 აპრილს პან კი მუნის ვიზიტი საქართველოშია დაანონსებული, საიდანაც ის 25 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში აპირებდა ჩასვლას. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში გენერალური მდივანს ბაქოშიც ელოდებოდნენ.
დასტურდება თუ არა ბან კი მუნის ვიზიტის გადადების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, აღნიშნულს აზუსტებენ.