თავისუფლად გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად

თავისუფლად გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად

ევროპაში პირდაპირი გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაცია იქნება საქართველოს ევროპაში დაბრუნება დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ.

”ჩვენ ვაგრძელებთ გზას დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ. ახლა უკვე გვაქვს გამოცდილება რეფორმების წარმატებული განხორციელების, ამოცანების დასახვის, მათი ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების კუთხით. ჩვენ ახლახან შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციისთვის დასახული მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს უქმნის ევროკავშირის მასშტაბით დაუბრკოლებლად გადაადგილების პერსპექტივას. აშკარაა, თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მოსახერხებელი და ძალიან საამაყოა, რომ შეეძლებათ ევროპის მაშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა. ეს არის ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ. პირდაპირი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ”ქვეყნის ასეთ აყვავებას” ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამემამულეებიც დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად იზეიმებენ.

”საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ერთხელ დაუდასტურებს და დაანახებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და დადებითია პროევროპული მიდგომა. ეს მათ გაუჩენს უფრო მეტ მოტივაციას ჩვენთან ერთად იზეიმონ ქვეყნის ეს აყვავება”, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.