ძლიერმა ქარმა ქობულეთში რამდენიმე ხე მოგლიჯა, - ამის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. გამგეობის ცნობით, ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რისი აღდგენითი სამუშაოებიც დილიდან მიმდინარეობს.
არსებული ინფორნაციით, სტიქიას მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია.
"გამგეობაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიკრიბა და მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. გამთენიისას ქარიშხალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის გამოც ჩაიხერგა გზები ბუკნარში, გვარასა და აღმაშენებლის გამზირზე. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო გამწვანების სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები და სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ დროისათვის ჩახერგილი გზები გაწმენდილია, სატრანსპორტო მიმოსვლა კი აღდგენილია. ძლიერი ქარის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და პირველადი მონაცემებით, ეტაპისთვის ელექტროენერგია 4000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.