დარეჯან თვალთვაძე წარმოადგენს სისტემას, რომელიც ჩვენ გვებრძვის

დარეჯან თვალთვაძე წარმოადგენს სისტემას, რომელიც ჩვენ გვებრძვის

„აუდიტორია 115“ ითხოვს, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ რექტორის თანამდებობაზე კენჭი აღარ იყაროს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ”აუდიტირია 115”-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განუცხადა, დარეჯან თვალთვაძე წარმოადგენს სისტემას, რომელიც მათ ებრძვის.

„ეს წელი უნივერსიტეტისთვის მძიმედ გასახსენებელია, რადგან სწორედ ამ წელს სასწავლებელში ქირურგიული ჩარევა, პოლიციის შემოსვლა განხორციელდა და ბევრი ადამიანი უნივერსიტეტიდან გაყარეს. სწორედ დარეჯან თვალთვაძეს, რომელიც 2006 წლიდან უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი იყო, ეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერ კარგსა და ცუდზე, რაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფაკულტეტზე მოხდა. იგი წარმოადგენს სისტემას, რომელიც ჩვენ გვებრძვის“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძემ საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ დარეჯან თვალთვაძე ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, რექტორის პირდაპირი წესით არჩევას.

”ასევე იმედი გვაქვს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რექტორის არჩევნებში თავის კანდიდატურას არ წარადგენს”, - აღნიშნა მან.

დარეჯან თვალთვაძე რექტორის მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგა. მან გუშინ გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.