”საქართველოს განვითარების ფონდი” ბაღდათში საბიუჯეტო სახსრების დატაცების ფაქტებზე საუბრობს

”საქართველოს განვითარების ფონდი” ბაღდათში საბიუჯეტო სახსრების დატაცების ფაქტებზე საუბრობს

”პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი” ბაღდათის რაიონში დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების დატაცების შემთხვევებზე საუბრობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის წევრებმა განაცხადეს. იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლება ტენდერებს დარღვევით ატარებს და კომპანიების გამარჯვება პირადი ინტერესებით ხდება.

ფონდის წევრების თქმით, "ბაღდათი-საკრაულას" გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამგებელმა არასწორად მოახდინა გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაცია და გამარჯვებულად გამოაცხადა მისი ფავორიტი კომპანია, რომელსაც უარყოფითი ხარისხობრივი ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად და ასევე მიღება-ჩაბარების კომისიის გვერდის ავლით, 700 ათასი ლარი გადაურიცხა. სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნით კი გაწეული სამუშაოების ღირებულება 239 ათას ლარს შეადგენდა, რითაც ბიუჯეტს 461 ათასი ლარის ზარალი მიადგა.

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ბაღდათი-საკრაულას გზის რეაბილიტაციის ტენდერში ღირებულებით 1000 000 ლარი, ბაღდათის გამგებელმა არასწორად მოახდინა გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაცია და გამარჯვებულად გამოაცხადა მისი ფავორიტი კომპანია. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულებისა სამხარაულის საექსპერტო ბიურომ წარმოადგინა უარყოფითი ხარისხობრივი ექსპერტიზის დასკვნა, გამგებელმა მიღება-ჩაბარების კომისიის გვერდის ავლით 3-ჯერ მაინც მოახდინა შუალედური გადარიცხვა, ხოლო ერთხელ კი მიღება-ჩაბარების კომისიის დასკვნის საფუძველზე, როცა გამგებელმა დაუმალა თანამშრომლებს უარყოფითი დასკვნის არსებობა და ისე მოაწერინა ხელი. ამასთან, როცა შესრულებული სამუშაოებისათვის გადარიცხული თანხა შეადგენდა, დაახლოებით, 700 000 ლარს სამხარაულის საექსპერტო ბიურომ წარმოადგინა ღირებულებითი ექსპერტიზის დასკვნა - 239 000 ლარზე”, - განაცხადა „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ ბაღდათის ოფისის ხელმძღვანელმა მევლუდ კიკნაველიძემ.

როგორც პრესკონფერენციაზე ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო ის თარზეა შემოდებული.

„მაშინ, როცა ჩვენი ათიათასობით მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა, მაშინ როცა ჩვენი თანამოქალაქეები დაუსაქმებლები არიან, მაშინ როცა ქვეყნის მასშტაბით მოშლილია ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ჩინოვნიკები და მათი მფარველები თბილისში კორუფციის ჭაობში იხრჩობიან. სისტემის დანგრევის ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ სისტემის დანგრევის ნაცვლად სისტემა გადაიბარა და ქვეყნის მართვას იმ მანკიერი სისტემით აგრძელებს, რასაც ”ნაციონალური ხელისუფლების” სიტემა ერქვა - სატენდერო კორუფცია ბიუჯეტის ხარჯების გაფლანგვა და დანაშაულებრივი ქმედებები ყოველდღიურობად იქცა. ამჯერად საუბარია შემთხვევაზე, როცა წინასწარი შეთანხმებით ხდება ტენდერში სასურველი კომპანიის გამარჯვება, ხოლო თუ მათ მიერ შერჩეული კომპანია ვერ გაიმარჯვებს, გაურკვეველი მიზეზებით ტენდერებს წყვეტენ ან არასასურველ კომპანიებს დისკვალიფიკაციას აძლევენ. ეს აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ რეგიონში ხდება კორუფციული გარიგებები. საქმეს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება რომ ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ეს საქმე ისევე როგორც ბევრი საქმე, პოლიტიკური ნების არქონის გამო თაროზეა შემოდებული. საქმე გვაქვს კონკრეტული რაიონის გამგებლის გაუგონარ თავხედობასთან - ბაღდათის გამგებელმა კომისიის გვერდის ავლით თანხების გადარიცხვა მოახდინა და ჩაბარებულ სამუშაოებზე უარყოფით დასკვნას ხელი მოაწერა. სახეზეა აშკარა კრიმინალი და თავგასულობა”, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.