რაც განვაცხადეთ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას, პარტიას უფრო მეტი ადამიანი უერთდება, ვიდრე ტოვებს

რაც განვაცხადეთ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას, პარტიას უფრო მეტი ადამიანი უერთდება, ვიდრე ტოვებს

ჩვენ გავხდით ორიენტირი იმ კატეგორიის მოდერნისტი, ევროპაზე ორიენტირებული, განათლებული ადამიანებისთვის, რომლებსაც წინასაარჩევნოდ „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციურ ბლოკში ყოფნა ხელს უშლიდა, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბერძენიშვილი სენაკში პარტიის რამდენიმე წევრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც ”რესპუბლიკური პარტია” დატოვეს. ბერძენიშვილის თქმით, პარტია ძალიან მყარი ორგანიზმია და მას არ დამართია ის, რაც სხვა პარტიას დაემართა.

„ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ზოგი ადამიანი გადის პარტიიდან, ზოგი - შემოდის. სენაკში პარტიის არაერთმა წევრმა დატოვა პარტია, ისინი არც თუ მთლად რიგითი წევრები არიან, გამგეობის თანამშრომლები, რწმუნებულები. მათ არჩიეს, რომ უპარტიოდ გაეგრძელებინათ თანამშრომლობა. თუ სადმე გამოჩნდება რაიმე ნიშანი წნეხისა ან ზეწოლისა საჯარო მოხელეთა მიმართ, პარტია იქნება ძალიან მკაფიო, მკვეთრი შემფასებელი და არა მარტო შემფასებელი, კონტრზომებსაც მივიღებთ. სენაკში რაიმე ასეთი სისტემური შემთხვევა არ ჩანს. პარტიის ნაწილმა დატოვა „რესპუბლიკური პარტია“ და ეს მათი უფლებაა“ , - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გააკეთა განცხადება, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას, პარტიას ადამიანები ტოვებენ, თუმცა, განსაკუთრებით ახალგაზრდების უფრო დიდი ნაწილი უერთდება რესპუბლიკელებს.

„მას შემდეგ რაც განვაცხადეთ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას, პარტიას უერთდება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ტოვებს მას. როგორც ჩანს, ჩვენ გავხდით ორიენტირი იმ კატეგორიის მოდერნისტი, ევროპაზე ორიენტირებული განათლებული ადამიანებისთვის, რომლებსაც ხელს უშლიდა საარჩევნოდ კოალიციურ ბლოკში ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფნა, რომ საკუთრივ ”რესპუბლიკური პარტიისთვის” მიეცა ხმა. არიან ასეთი ამომრჩევლები და ისინი ერთგვარად გულაცრუებული არიან „ქართულ ოცნებაზე“ და მობრუნებული „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ ამჟამად“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.