„რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნოდ ბუნებრივია, არის მისი წამყვანი პოლიტიკური პირების იმედადაც, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ განაცხადა, სადაც პარტიის თბილისის აქტივის შეკრება მიმდინარეობს.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოქტომბერში დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ, ბუნებრივია, თბილისის ორგანიზაციის კრება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
ბერძენიშვილის თქმით, პარტიის სია და მაჟორიტარების შერჩევა ურთულესი პროცედურაა პარტიაში და ამაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.
დავით ბერძენიშვილის თქმით, სიის შერჩევისას პარტია ატარებს სარეიტინგო კენჭისყრებს, რაშიც პარტიის ფართო წარმომადგენლობა იღებს მონაწილეობას.
„რთული პროცედურული ამბები წინ გვაქვს. ჯერ ამ პროცედურებზე შეჭიდება ადრეა. რესპუბლიკელი მინისტრები არიან კარგი მინისტრები და მუშაობენ. რესპუბლიკელი თანამდებობის პირები არიან კარგი პარლამენტარები და მუშაობენ. ჯერ გრძელდება ისე, როგორც არის. ჩვენ გვაქვს გაცხადებული გადაწყვეტილება, რომ გადაწყვეტილებებს მივიღებთ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით. რადგან პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში, ამიტომ ბუნებრივია, „რესპუბლიკური პარტია“ წინასაარჩევნოდ არის მისი წამყვანი პოლიტიკური პირების იმედად. პარტიის წამყვანი პოლიტიკური პირებიც იქნებიან პარტიის იმედად, როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის წევრები“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.