საქართველო არის ღმერთის საჩუქარი და წილხვედრი ქვეყანა და მე მოუთმენლად ველოდები, რომ საქართველო და კორეის რესპუბლიკა იმუშავებენ ერთად, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ჩუნგ უი ჰვას და კიმ ნამ ჰემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიპყრობს მთელი მსოფლიოს ყურადღებას და სამაგალითო ქვეყანა გახდება. ასევე, დააფიქსირა კორეის რესპუბლიკის მზადყოფნა, საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს და გამოცდილება გაუზიაროს.
„კორეამ ძალიან მოკლე პერიოდში მიაღწია ინდუსტრიულ განვითარებას. ამ განვითარებას კორეამ მიაღწია სხვა ქვეყნების დახმარებით და ჩვენც შევეცდებით, სხვებსაც გავუნაწილოთ ეს დახმარება“, - განაცხადა ჩუნგ უი ჰვას და კიმ ნამ ჰემ.
მან ასევე ისაუბრა დავით უსუფაშვილზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. „ჩვენ ვხედავთ, რა კარგად უძღვება იგი თავის საქმეს და დარწმუნებული ვარ, ასეთი ადამიანების მეშვეობით, საქართველოს ნათელი მომავალი ექნება“, - განაცხადა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.