აშშ-ის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის ავტორი სულხან წულაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სულხან წულაძის ძმამ, გიორგი წულაძემ განუცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით არ დააკმაყოფილა, წულაძის ინტერესების დამცველის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს სულხან წულაძეს ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 2016 წლის 15 აპრილს შეუფარდა.
სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე ”სახუმარო თემა” შექმნა და დაწერა, რომ გეგმავდა აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს, რის შემდეგაც, 12 აპრილს სამართალდამცველებმა დააკავეს.
სულხან წულაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.