გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა დინამიკურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა დინამიკურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი ევროპელი მეგობრების გარემოცვაში და ევროპის საბჭოს შენობაში აღინიშნება, რომელიც ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპელ მეგობრებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რომელსაც ისინი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან უცხადებენ საქართველოს, იმ უმძიმესი წლების ჩათვლით, როდესაც უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცება.

„გამოვთქვამთ გულწრფელ იმედს, რომ ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა არამარტო გაგრძელდება, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდება. ცხადზე ცხადია, რომ ჩვენი პარტნიორობის, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და კულტურის წყალობით, საქართველო იქცა დინამიკურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.