ჩვენ სტუდენტებთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ არჩევნების შედეგების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, უნივერსიტეტი სრულყოფილად იყოს მომზადებული მომავალში დაგეგმილი რექტორის და კანცლერის არჩევნებისთვის.
„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ თუნდაც დროებით ვუხელმძღვანელო უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს დიდ ტრადიციები, რომელსაც ბოლო დროს შესაძლოა სახელი შეებღალა, მაგრამ აქვს იმის რესურსი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წარმართოს. მჯერა, რომ ჩვენ სტუდენტებთან ერთად, რომელთა გარეშეც უნივერსიტეტიც არ არსებობს, ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ ყოველდღე იმისთვის, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს. ამისთვის საჭიროა უნივერსიტეტს ჰყავდეს ლეგიტიმური მმართველი ორგანოები, ეს არის მისი აკადემიური საბჭო, რომელიც არის უმაღლესი მმართველობითი ორგანო, ეს არის კანცლერი, რომლის არჩევნებიც ძალიან მალე ჩატარდება და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩა, რომ მოვამზადოთ და ღირსეულად ჩავატაროთ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. ჩემს მთავარ ამოცანას სწორედ ამაში ვხედავ“, - განაცხადა დარეჯან თვალვთაძემ.
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს მადლობა გადაუხადა და მათთან მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.