მმართველი გუნდი მზადაა, სარეკლამო დროსა და საარჩევნო კომისიაში ანაზღაურებადი წარმომადგენლის დანიშვნაზე ოპოზიციის შეთავაზება გაითვალისწინოს

მმართველი გუნდი მზადაა, სარეკლამო დროსა და საარჩევნო კომისიაში ანაზღაურებადი წარმომადგენლის დანიშვნაზე ოპოზიციის შეთავაზება გაითვალისწინოს

მმართველი უმრავლესობა მზად არის, სარეკლამო დროსთან და საარჩევნო კომისიაში ანაზღაურებადი წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზება გაითვალისწინოს. 

კერძოდ, სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან დაისვა წინადადება იმის თაობაზე, რომ სარეკლამო დრო მიეცეს სუბიექტების ერთობლიობას, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნებზე ჯამურად 2 %-იანი ბარიერი გადალახეს - თუკი არჩევნებამდე დადგენილ ვადებში საარჩევნო ბლოკს შექმნიან.
როგორც ამასთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსს” დეპუტატმა გიგა ბუკიამ განუცხადა, უმრავლესობა თანახმაა ეს მოთხოვნა გაითვალისწინოს და საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს.

რაც შეეხება საარჩევნო კომისიაში ანაზღაურებადი წარმომადგენლის დანიშვნას, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დაისვა შეთავაზება, რომ ეს უფლება მიეცეთ სუბიექტებს, რომელთაც ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე ცალკე ან ჯამურად 1 %-იანი ბარიერი გადალახეს და ასევე მათ, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს უკანასკნელ საერთო არჩევნებში და ჰყავს წარმომადგენელი რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ამასთან დაკავშირებით გიგლა ბუკიამ განმარტა, რომ უმრავლესობის მიერ შეთავაზებულია მოთხოვნილი 1 % 2 %-ით შეიცვალოს.

გარდა ამისა, უმრავლესობა თანახმაა, გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში 2%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარტია კვლიფიციურად ჩაითვლება.