პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ 180-დან 64-ე ადგილი დაიკავა. 2016 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგი საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეთ“ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შარშანდელთან შედარებით საქართველომ საკუთარი პოზიციები 5 ადგილით გააუმჯობესა, რადგან 2015 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში 69-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოში პრესის თავისუფლების დონე 27,96 პუნქტად ფასდება, რაც წინა წელთან შედარებით 0,26 პუნქტით ნაკლებია.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს. ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ უფრო იშვიათი გახდა, თუმცა მუქარები კვლავ ფიქსირდება.
„ამასთანავე მედია კვლავ რჩება ძალიან პოლარიზებული და გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედიამესაკუთრეები ხშირად სარედაქციო პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას. წამყვანი ტელეარხების მესაკუთრეობისთვის ომი კი, შეშფოთების საგანია მედიაპლურალიზმის მომავლის შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.