ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულების არჩევნების პარალელურად ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის და ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თამაზ კალაძე საპროტესტო აქციას მართავს.
როგორც თამაზ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ინსტიტუტების პროფესორებს, სამეცნიერო თანამშრომლებს არჩევნებში ხმის უფლება არ აქვთ. მისივე თქმით, ასეთი ადამიანების რაოდენობა 150-ს შეადგენს.
„აღმოჩნდა, რომ არ გვაქვს ხმის მიცემის უფლება. მივმართე საარჩევნო კომისიას, მაგრამ მეუბნებიან, რომ ეს არის უმაღლესი განათლების შესახებ კანონიდან გამომდინარე. ყველანაირი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო უფლებას, არის უკანონო“, - განაცხადა კალაძემ.
ერთკაციან აქციას თამაზ კალაძე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში მართავს.