”აუდიტორია 115” თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სტუდენტები აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, უზრუნველყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება.
”მოვუწოდებთ აკადემიურ საბჭოს, რომ უზრუნველყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დემოკრატიული ჩატარება. ვიმედოვნებთ, რომ ის დარღვევებისა და ექსცესების გარეშე ჩაივლის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს და რევანშისტულ ძალებს არ მივცემთ საშუალებას, კიდევ უფრო შეუწყონ ხელი უნივერსიტეტის სტაგნაციას”, - ნათქვამია განცხადებაში.
”აუდიტორია 115”-ის წევრები ასევე მოითხოვენ,რექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობა ძირითადად განათლების ძირეული რეფორმისკენ იყოს მიმართული, რათა უკვე არჩეულმა რექტორმა მოახეროს ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით.
”რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ გააჩნია საკმარისი ლეგიტიმაცია მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნივერსიტეტში. მან უნდა შეასრულოს ადმინისტრაციული მმართველის ფუნქცია და უზრუნველყოს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ორგანიზება და ჩატარება. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ ჰქონდეს უფლება გახდეს რექტორობის კანდიდატი. მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, თუ აკადემიურ პერსონალს, იყვნენ მიუკერძოებელნი და ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნებში კლანთა ინტერესები არ გატარდება”, - აღნიშნავენ ”აუდიტორია115”-ის წევრები.
თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 10:00 საათზე დაიწყება.