გიგა ბუკია - ხელისუფლება მზად არის ოპოზიციის მოთხოვნების 80%-მდე გაითვალისწინოს

გიგა ბუკია - ხელისუფლება მზად არის ოპოზიციის მოთხოვნების 80%-მდე გაითვალისწინოს

საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა ხელისუფლება მზად არის ოპოზიციის მოთხოვნების 80%-მდე გაითვალისწინოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ”კონსერვატორმა” დეპუტატმა გიგა ბუკიამ განუცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ხელისუფლების მხრიდან ამ ეტაპზე არ იგეგმება, რაც თავიდანვე იყო ცნობილი.

„ჩვენ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ინტენსიური თანამშრომლობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა. ვართ წარმოდგენილი კონკრეტული პასუხებით. ხელისუფლება მზად არის მათი მოთხოვნების 80 პროცენტამდე გაითვალისწინოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბუკიამ. დეპუტატმა თავი შეიკავა იმ საკითხების დაკონკრეტებისგან, რის გათვალისწინებასაც მმართველი გუნდი გეგმავს.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება წარმოადგენს. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ამ წუთებში მმართველი გუნდი ოპოზიციასთან სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრას მართავს.