ვარშავის სამიტზე დადებითი შედეგის მისაღწევად მთავრობის ძალისხმევას ვერ ვხედავ

ვარშავის სამიტზე დადებითი შედეგის მისაღწევად მთავრობის ძალისხმევას ვერ ვხედავ

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ვარშავის სამიტზე მნიშვნელოვანია საქართველომ სერიოზულ ფუნდამენტურ პროგრესს მიაღწიოს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სიხარულიძემ განუცხადა, ამისთვის მნიშვნელოვანია სწორი ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა, სტრატეგია იყოს.

”ამ ძალისხმევას მე ვერ ვხედავ. ეს არის ჯერჯერობით ფრაგმენტირებული და არ არის ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა. ეს არის ერთი ან ორი უწყების კონკრეტული ქმედებები. როგორც უელსის სამიტის მაგალითზე ვნახეთ, მაშინ ძალისხმევა იყო თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და მივიღეთ ის პაკეტი, რომელიც მივიღეთ. ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამ პოლიტიკურ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პროგრესს დემოკრატიის, განვითარების, მოდერნიზაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საგარეო პოლიტიკა. ასეთი ტიპის ერთიან, სამთავრობო სტრატეგიულ ძალისხმევას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ. არის ცალკეული გამოვლინენები, ფრაგმენტირებული ძალისხმევა, თავდაცვის სამინისტროს მოქმედებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სერიოზული პოლიტიკური პროგრესის მისაღწევად საჭიროა სამთავრობო სტრატეგიული ხედვა და ძალისხმევა, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტიურ საგარეო პოლიტიკას, შიდა რეფორმებს, დემოკრატიის მიმართულებით გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯებს და სერიოზულ კომუნიკაციას, სტრატეგიას ჩვენს პარტნიორებთან, ასევე აქტიურ დიპლომატიურ ქმედებებს, რაც გამოიხატება იმ მომხრე ძალების კონსოლიდაციაში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ასევე ძალისხმევას იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ვადებთან დაკავშირებით შედარებით სკეპტიკურად არიან განწყობილები. ასეთი ტიპის ძალისხმევა არ არის”, - განაცხადა სიხარულიძემ.

რაც შეეხება ხიდაშელის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას, სიხარულიძის თქმით, განცხადებებს არ გაცნობია, თუმცა მოლოდინებისგან თავს იკავებს.

”კონკრეტული მოლოდინებისგან თავს შევიკავებდი. აბსოლუტურად მცდარია შეხედულება, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ რაიმეს, პირიქით, საქართველოს მოქმედებებზე არის უაღრესად ბევრი რამ დამოკიდებული. ასეთი კოორდინირებული სტრატეგიულ, ერთობლივ სამთავრობო ძალისხმევას მე ვერ ვხედავ. ის ვადა რაც დარჩენილია სამიტამდე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული მთავრობის მხრიდან სამიტამდე. მაშინ იქნება სერიოზული პროგრესი”, - განაცხადა სიხარულიძემ.

თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის, მინისტრის თქმით, თუ კონსენსუსი იქნება მიღწეული, ტექნიკურად როგორ მოხდება საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, იქნება ეს გაწვერიანების სამოქმედო გეგმით თუ სხვა მექანიზმებით, ეს შემდგომი საკითხია.

”წევრობის შესახებ გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. MAP-ი არის ინსტრუმენტი და მისი მნიშვნელობა იყო ზედმეტად პოლიტიზირებული. ეს არის ტექნიკური ინსტრუმენტი. ჩვენ პოლიტიკური პირობა გვაქვს ნატო-ში გაწევრიანების უკვე ბუქარესტის სამიტის შემდეგ. აბრევიატურებზე და მექანიზმებზე უფრო მნიშვნელოვანი მოქმედება არის - მოვახდინოთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ ერთიანი პოზიციის კონსოლიდირებას ალიანსის შიგნით საქართველოსთან მიმართებაში. თუ კონსენსუსი იქნა მიღწეული, ტექნიკურად როგორ მოხდება საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, იქნება ეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, სხვა მექანიზმებით, ეს შემდგომი საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანია ვადები. ჩვენ ვსაუბრობთ ვადებზე როდის იქნება საქართველოს ნატო-ში წევრობა. ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ამ პოზიციის კონსოლიდირებისთვის ყველაფერი გააკეთოს. ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მთლიანად ქვეყნის მომავალი. ამიტომ, ფეხის ათრევა არის აბსოლუტურად მიუღებელი. სრული ფრონტით უნდა იყოს გაშლილი როგორც დიპლომატიური ძალისხმევა, თუმცა ასეთი ტიპის ძალისხმევას მე ვერ ვხედავ”, - აღნიშნა სიხარულიძემ.

საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველო ითხოვს წევრობას და შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო წამოიღებს ვარშავიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაკმაყოფილებელი თუ ის თვისობრივად შეცვლის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ხიდაშელი სამიტთან მიმართებაში პოზიტიურად არის განწყობილი.

დღესვე ხიდაშელმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ”MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის”, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანებისთვის და გაწევრიანების გზაზე MAP-ი არ არის ამოცანა.