თინა ხიდაშელის დღევანდელი განცხადებები რბილად რომ ვთქვათ არასწორი იყო, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებებს MAP-თან და ვარშავის სამიტზე ნატო-ს წევრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყველა დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ MAP-ი რჩება გაწევრიანებისთვის აუცილებელ ეტაპად.
“ეს ადამიანი, რომ დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, ბრიუსელში MAP-ი მოითხოვა ულტიმატუმის ფორმით. მერე როცა მიხვდა, რომ არ იყო სწორი, აცხადებდა - MAP-ი არასდროს მოგვითხოვიაო. ახლა ითხოვს წევრობას პირდაპირ. მოდი დავსერიოზულდეთ. ლოგიკურად, MAP-ის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე წევრობა. აქედან ჩანს, ასეთი განცხადების გაკეთება რბილად რომ ვთქვა, არასწორი იყო. გარდა ამისა, ყველა დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ MAP-ი რჩება გაწევრიანებისთვის აუცილებელ ეტაპად”, - განაცხადა შარაშენიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხიდაშელის ამ განცხადებებს ნატო-ს წევრი ქვეყნები ბუნებრივია, არასერიოზულად მიიღებენ.
”სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ჩაითვლება, რომ ვიღაც-ვიღაცეები მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ არასერიოზულ განცხადებებს. ვერ გეტყვით რას უკავშირდება მისი განცხადება. ზოგიერთების ლოგიკას დიდი ხანია ვერ ვხვდები. მართალი გითხრათ ვერ გავიგე, ვისზეა გათვლილი ეს განცხადება - სოლოლაკზე, ევროპაზე თუ შიდა საზოგადოებაზე”, - განაცხადა შარაშენიძემ.
საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველო ითხოვს წევრობას და შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო წამოიღებს ვარშავიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაკმაყოფილებელი თუ ის თვისობრივად შეცვლის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ხიდაშელი სამიტთან მიმართებაში პოზიტიურად არის განწყობილი.
დღესვე ხიდაშელმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ”MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის”, - განცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანებისთვის და გაწევრიანების გზაზე MAP-ი არ არის ამოცანა.