სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელების პროცესში შეუძლებელია მოსამართლე ტურისტის მდგომარეობაში იყოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ ბათუმში გადასაცემი ბინის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირების განაცხადა.
როგორც მერაბ ტურავამ განმარტა, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მოსამართლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის. მისივე განმარტებით, ერთი წელია რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და "მუდამ ჩემოდანზე ჯდომით" სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელება ძნელია.
"2006 წელს საკონსტიტუციო სასამართლო რომ გადავიდა თბილისიდან ბათუმში სახელმწიფომ ამ დროს აიღო ვალდებულება, რომ მოსამართლეები, რომლებსაც არ აქვთ ბათუმში საცხოვრებელი, მომხდარიყო მათი ბინით უზრუნველყოფა. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ჩემი განმწესება მოხდა საკონსტიტუციო მოსამართლედ და დღემდე ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო იმიტომ, რომ შეუძლებელია მოსამართლე ტურისტის მდგომარეობაში იყოს სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელების პროცესში. ყოველ ბათუმში ჩასვლისას ან სასტუმროში ვცხოვრობ ან ნაცნობთან. არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო და არ გქონდეს საცხოვრებელი და მუდმივად ”ჩემოდანზე იჯდე”. ეს რა თქმა უნდა, სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელებაში გიშლის ხელს", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
"ინტერპრესნუსის" კითხვაზე, ოპონენტების არგუმენტი, რომ მოსამართლეს მაღალი ხელფასი აქვს და შეუძლია თავად დაიქირავოს ან იყიდოს საცხოვრებელი, მერაბ ტურავა აცხადებს, რომ ამის ვალდებულება სახელმწიფოს აქვს აღებული. მისივე განმარტებით, პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც სხვა რეგიონში გადავიდნენ საცხოვრებლად, ბინებით სახელმწიფომ უზრუნველყო.
"ეს არის სახელმწფოს მიერ აღებული ვალდებულება და რადგან გადაწყვიტა სახელმწიფომ რომ სასამართლო ბათუმში გადასულიყო, აიღო ეს ვალდებულება. სახელმწიფოს მიერ აღებული ეს ვალდებულება არ იყო ცალკეული მოსამართლის ინიციატივასა და სურვილზე დამოკიდებული, ეს არის სახელმწიფოს მიერ კანონით აღებული ვალდებულება, რომ მოსამართლეს შეუქმნას პირობები. ქუთაისში რომ არიან პარლამენტარები რა, მათ არ აქვთ ხელფასი? ისინი რატომ არ ცხოვრობენ მათ მიერ დაქირავებულ ბინაში? სახელმწიფოს აქვს ეს ვალდებულება", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხზე ბათუმის საკრებულოში ხვალ იმსჯელებენ.