მერაბ ტურავას საკმარისი ანაზღაურება აქვს იმისთვის, რომ ბათუმში ბინა იქირაოს

მერაბ ტურავას საკმარისი ანაზღაურება აქვს იმისთვის, რომ ბათუმში ბინა იქირაოს

მგონია, მერაბ ტურავას საკმარისი ანაზღაურება აქვს იმისთვის, რომ ბათუმში ბინა იქირაოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, კანონი იძლევა საშუალებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის ბინის გადაცემის საშუალებას, თუმცა ეს პრაქტიკა არასწორია.

”კანონი იძლევა ამის საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს მანამდე ჰქონდა გადაცემული ბათუმში ბინა. მე ეს პრაქტიკა არ მიმაჩნდა სწორად და არც ახლა მიმაჩნია. მგონია, რომ ბატონ მერაბ ტურავას საკმარისი ანაზღაურება აქვს იმისთვის, რომ ბათუმში ბინა იქირავოს”, - განაცხადა ხიდაშელმა.

ბათუმის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატები" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვენ.

ბათუმის საკრებულოს წევრმა კობა ჩხეიძემ განაცხადა, რომ მერაბ ტურავამ მოითხოვა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ბინის გადაცემა კონკრეტულ მისამართზე. მისივე თქმით, მოსამართლისთვის „ ბინის გადაცემის ფერხულში“ სახელმწიფო სტრუქტურები ჩართო. კობა ჩხეიძე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას მოითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის ბინის გადაცემის საკითხზე კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლომაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები.