მოსამართლეებისთვის ბინების გადაცემა დამკვიდრებული პრაქტიკა იყო და მერაბ ტურავა გამონაკლისი ვერ იქნება

მოსამართლეებისთვის ბინების გადაცემა დამკვიდრებული პრაქტიკა იყო და მერაბ ტურავა გამონაკლისი ვერ იქნება

“ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - მოსამართლეებისთვის ბინების გადაცემა დამკვიდრებული პრაქტიკა იყო და მერაბ ტურავა გამონაკლისი ვერ იქნება. ხვალ არის ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩანიშნული და უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას”, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„თუ რატომ ვაძლევთ საკუთრებაში? ეს აქამდე იყო პრაქტიკა და მერაბ ტურავა ვერ იქნება გამონაკლისი, რომ მას არ გადაეცეს აღნიშნული ქონება საკუთრებაში“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის განმარტებით, ბათუმის საკრებულო მოთხოვნისამებრ ბინას გადასცემს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში დაუმტკიცებს მოსამართლე მერაბ ტურავას.

„საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საცხოვრებლით უზრუნველყოს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ქონების მართვის სააგენტომ მოგვწერა წერილი, რომ საკუთრებაში გადავცეთ 125 კვ. მ ფართი იმ პირობით, რომ ის სიმბოლურ ფასად გადასცენ ბატონ მერაბ ტურავას. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, ვფიქრობ, ეს არის ისეთი შემთხვევა, რომელსაც უნდა მივუდგეთ სახელმწიფოებრივად და არ უნდა გამოვიდეთ მოკლე პოლიტიკური ინტერესებიდან“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

ბათუმის საკრებულოში, დღეს, 17:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, სადაც „თავისუფალი დემოკრატები“ აღნიშნული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების მოთხოვნის დაყენებას აპირებენ.