თინა ხიდაშელი:  საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას

თინა ხიდაშელი: საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას

საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველო ითხოვს წევრობას და შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო წამოიღებს ვარშავიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაკმაყოფილებელი თუ ის თვისობრივად შეცვლის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ხიდაშელი სამიტთან მიმართებაში პოზიტიურად არის განწყობილი.

”საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას. გავხდებით თუ არა ნატო-ს წევრი, მივიღებთ თუ არა მოწვევას, ეს გადაწყდება ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილებით. ეს არის ორგანიზაცია, სადაც ყველა ხმას აქვს თანაბარი ძალა და კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ ვითხოვთ წევრობას, შესაბამისად ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ წამოვიღებთ ვარშავიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაკმაყოფილებელი თუ ის თვისობრივად შეცვლის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვარშავის სამიტის შემდეგ. ჩემი მთავარი ამოცანა არის ორმაგი: 1. საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი; 2. ნატო-ს წევრობით ან მის გარეშე საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გამყარდეს იმგვარად, რომ უფრო მეტი დამაჯარებლობა შეიძინოს ყველა ჩვენმა განაცხადმა, ყველა ჩვენმა პროექტმა და ქვეყნის უსაფრთხოებამ, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის კეთილდღეობაზე”, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, სამიტთან მიმართებაში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.

”წინა კვირას ბრატისლავაში ვიყავი, სადაც დღეში 14 შეხვედრას ვმართავდი იმის პარალელურად, რომ კონფერენცია მიდიოდა. ვმართავდი იმიტომ, რომ დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა 2 თვის წინ, რომელიც რამდენიმე პუნქტიანია და ძალიან კონკრეტულ შედეგებზე და პროდუქტებზეა აწყობილი, რაც გვინდა ვარშავიდან მივიღოთ, გახდეს რეალიზებადი. ამაზე ვმუშაობთ, ყველასთან სამუშაო რეჟიმში ვართ. დეტალურად, პუნქტობრივად, სიტყვა-სიტყვით გავდივართ ამ დოკუმენტს. მას აქვს მხარდაჭერა, თუმცა რამდენად სრულფასოვნად იქნება მიღებული, ამ წუთას არ შემიძლია თქმა”, - განაცხადა ხიდაშელმა.