პოლიტიკურმა პარტიებმა 2015 წელს რეკლამაზე ჯამურად 773 553 ლარი დახარჯეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, მათგან სატელევიზიო რეკლამა მხოლოდ 2 პარტიაზე - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსზე“ მოდის.
უფრო კონკრეტულად, გასულ წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სატელევიზიო რეკლამაზე 122 585 ლარი დახარჯა, რომლის უდიდესი ნაწილიც, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გადაერიცხა, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ სატელევიზიო რეკლამაზე გაწეული ხარჯი კი 417 394 ლარს შეადგენს, რომელიც მან „ობიექტივში“ სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსებაზე დახარჯა. ზოგადად რეკლამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასულ წელს გაწეული ხარჯი 124 710 ლარს, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გაწეული კი - 456 378 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა პარტიების მიერ რეკლამაზე (არასატელევიზიო) დახარჯულ თანხებს, აღნიშნული კუთხით 22 200 ლარი მოდის „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“, 76 190 ლარი - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაზე“, 48 923 ლარი - „თავისუფალ დემოკრატებზე“, 4 509 ლარი „კონსერვატიულ პარტიაზე“, 1 486 ლარი - „ეროვნულ ფორუმზე“, 31 894 ლარი - „რესპუბლიკურ პარტიაზე“, 240 – „თავისუფალ საქართველოზე“, 3 796 ლარი - „პლატფორმა ახალ პოლიტიკურ ცენტზე“, 1 068 ლარი - „დევნილთა პარტიაზე“, 2 004 ლარი - „მემარცხენე ალიანსსა“ და 155 ლარი „მშრომელთა სოციალისტურ პარტიაზე“.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური სუბიექტების მიერ 2015 წელს გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობაც დათვალა. ოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ სულ 1 238 899 ლარის ხარჯი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 3 324 888 ლარის ხარჯი ჰქონდა. ასევე 1 715 470 ლარს შეადგენდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გაწეული ხარჯები, 1 127 533 ლარს „პატრიოტთა ალიანსის“, ხოლო 1 010 562 ლარს „თავისუფალი დემოკრატების“ ხარჯების ჯამი.