არჩილ ყარაულაშვილი:  წევრობისთვის ჩვენ, როგორც ჩანს, გვჭირდება MAP-ი

არჩილ ყარაულაშვილი: წევრობისთვის ჩვენ, როგორც ჩანს, გვჭირდება MAP-ი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩიულ ყარაულაშვილის განცხადებით, MAP-ი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ერთგვარ დაბრკოლებადაც კი იქცა. ამის შესახებ ყარაულაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ყარაულაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს MAP-ი ამ ეტაპზე არ სჭირდება, ალბათ შეუძლებელია დღის წესრიგიდან ის მოიხსნას.

„თუ დავაკვირდებით, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ანუ MAP -ი, ეს არის პრაქტიკულად ტექნიკური ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანების. არც ერთი ქვეყანა ამის გარეშე ნატო-ში არ გაწევრიანებულა. თუმცა, თუ დავაკვირდებით ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, გვაქვს სასწავლო პროგრამები, ასევე გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია და სხვა მრავალი ინსტრუმენტი და გვაქვს იმაზე მეტი ინსტრუმენტი, ვიდრე აქვთ MAP -ის მქონე ქვეყნებს. ეს არის რეალობა. წევრობისთვის ჩვენ, როგორც ჩანს, გვჭირდება MAP-ი. MAP-ი თავისი შინაარსით ეს არის ნატო-ში წევრობისთვის ამა თუ იმ ქვეყნისთვის დახმარების ინსტრუმენტი, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს ერთგვარ დაბრკოლებადაც კი იქცა. ამ ჭრილში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უკვე გვაქვს, შესაბამისად, MAP-ი არ გვჭირდება, მაგრამ ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას“, - აღნიშნა არჩილ ყარაულაშვილმა.