გიორგი კვირიკაშვილმა ცეზარ ჩოჩელთან შეხვედრაზე სენაკში ცემენტის მწარმოებელი ქარხნის აშენების საკითხი განიხილა

გიორგი კვირიკაშვილმა ცეზარ ჩოჩელთან შეხვედრაზე სენაკში ცემენტის მწარმოებელი ქარხნის აშენების საკითხი განიხილა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან შეხვედრაზე სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, „ევრო 4“ სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხნის აშენების საკითხი განიხილა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და მასზე 500 ადამიანი დასაქმდება.

ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგ. სენაკში წარმოებული ცემენტი ორიენტირებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. პრემიერთან შეხვედრაზე ცეზარ ჩოჩელმა სხვა საინვესტიციო გეგმებზეც ისაუბრა. ბიზნესმენი ახლო მომავალში აპირებს ეთერზეთების გადამამუშავებელი და ექსტრაქტების დამამზადებელი ქარხნების მშენებლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სახელით, ცეზარ ჩოჩელს აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა და ხაზი გაუსვა ინვესტიციების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.