პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არჩევნების თემაზე შეთანხმება უნდა შედგეს ისე, როგორც საზოგადოებას სჭირდება

პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არჩევნების თემაზე შეთანხმება უნდა შედგეს ისე, როგორც საზოგადოებას სჭირდება

ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ - ევროპულ დემოკრატიაში არ არსებობს სამ თვეზე მეტი წინასაარჩევნო პერიოდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა.

„ერთადერთი, რამდენადაც მახსოვს, ბელგიაშია სამი თვე წინასაარჩევნო პერიოდი და გაცილებით უფრო ნაკლები - სხვა ევროპულ ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდის დაწყება 5-6 თვით ადრე დამაზიანებელია როგორც ბიუჯეტის, ასევე, ორგანიზაციული თვალსაზრისით. რაც შეეხება პრეზიდენტის და პრემიერის შეთანხმებას ამ თემაზე, ვფიქრობ, იგი უნდა შედგეს ისე, როგორც საზოგადოებას სჭირდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნებს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და მათ მოუწოდა, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე წინასწარი ხმამაღალი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვი, რომ ეს საარჩევნო სისტემა - ნაწილობრივ პროპორციული და ნაწილობრივ მაჟორიტარული - მიმაჩნია სამართლიანად. სერიოზული შესწორებები მოხდა, ისე როგორც ვენეციის კომისია და საკონსტიტუციო სასამართლო გვირჩევდა და ვფიქრობ, ამ გზით უნდა ვიაროთ. სხვა სისტემა რომც მომწონდეს მე და ჩვენს ფრაქციას, ახლა ამის შეცვლა შეუძლებელია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.