ირაკლი სესიაშვილი:  წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა იქცეს ტვირთად

ირაკლი სესიაშვილი: წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა იქცეს ტვირთად

წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა იქცეს გარკვეულ ტვირთად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ ვიცით, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება და ”ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, განსხვავებით წინა არჩევნებისგან”.

რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცედურის დაწყებას, სესიაშვილი იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმებას შეძლებენ.

„რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა დაიწყოს უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესი, აქ საჭიროა გონივრული და რაციონალური მიდგომა. წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა იქცეს გარკვეულ ტვირთად ჩვენი სახელმწიფოსთვის, ბიზნესსექტორისთვის, ინვესტიციებისთვის, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მგრძნობიარეა ჩვენთან სხვადასხვა სფერო არჩევნების მიმართ. ეს, ალბათ, ბოლო გამოწვევაა, რომელიც გვიდგას და მომავალში ასეთი გამოწვევები აღარ იქნება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება დეპუტატ გედი ფოფხაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ პრეზიდენტი და პრემიერი ვერ შეთანხმდებიან, არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით, შესაძლოა ”საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები შევიდეს, სესიაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.