ურანის გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან

ურანის გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან

ყველა დაკავებული არის ხანდაზმული, პენსიონერი და არ მგონია, სახელმწიფოს ინტერესი იყოს მათი ციხეში ჩასმა”, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” რადიაქტიული ნივთიერება ურანის გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, მუხტარ ცქიტიშვილის ადვოკამტმა განუცხადა.

როგორც დავით აბესაძემ აღნიშნა, მუხტარ ცქიტიშვილი, რომლის სახლიდანაც ურანის ამოღება მოხდა, ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს.

”ამ ეტაპზე ოფიციალურად ბრალს არ აღიარებს, თუმცა შეიძლება საპროცესიო შეთანხმება გაფორმდეს - ვნახოთ. ყველა დაკავებული არის ხანდაზმული, პენსიონერი და არ მგონია, სახელმწიფოს ინტერესი იყოს მათი ციხეში ჩასმა. საქმეს გრიფით ”საიდუმლო” არ ადევს, მაგრამ არ აქვს ჩვენება მიცემული და ხელს არავის ადებს”, - განუცხადა ”ინტერპერსნიუსს” აბესაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების ვარაუდია, რომ აღნიშნული ნივთიერება სომხეთის მოქალაქეებმა ჩამოიტანეს, მაგრამ რა გზით მოხდა ეს, აღნიშნულის დადგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება საქმის მასალებს, ადვოკატის თქმით, ის ჯერჯერობით მასალებს სრულად არ გაცნობია.

”ამოღებულია რაღაც კონტეინერი, რომელიც არის რადიაქტიული ნივთიერების შემცველი და სასამართლოს განჩინებით არის ჩატარებული ფარული ვიდეო გადაღება და სხვა მოქმედებები, არის საქმეში გარკვეული მტკიცებულებები”, - განაცხადა აბესაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. როგორც სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

უწყების განმარტებით, აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით.