არჩევნების შესახებ პრემიერის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა

არჩევნების შესახებ პრემიერის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა

არჩევნების თარიღის შესახებ გამოცემულ განკარგულებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, განკარგულება მოტივირებული შენიშვნებით მათთან პარასკევს, დღის მეორე ნახევარში შევიდა. კონკრეტულად, რა არგუმენტებს ასახელებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარის თქმის მიზეზად, ამ ეტაპზე უცნობია. გიორგი კვირიკაშვილის მოტივირებული შენიშვნების შინაარსს ჯერჯერობით არც მთავრობის და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ახმაურებენ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი ის კონტრასიგნაციისთვის მთავრობას გადაუგზავნა. 14 აპრილს პრემიერმა აღნიშნული სამართლებრივი აქტის ხელმოწერით დადასტურებაზე უარი თქვა და გიორგი მარგველაშვილს თხოვნით მიმართა, არჩევნების თარიღთან დაკავშირებული ახალი განკარგულება 8 ივლისს გამოეცა.

”გვინდა ვთხოვოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დოკუმენტი წარმოდგენილ იქნას ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნას განსაზღვრული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა 14 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თხოვნას იმავე დღეს გამოეხმაურა პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის დაარწმუნეს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყება არჩევნებამდე 60 დღეზე ადრე, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა, თუმცა ”ასე არ აღმოჩნდა”, რის კონტექსტშიც, პრეზიდენტმა დაანონსა, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას არა ივლისში, არამედ მაისის დასაწყისში გამოსცემს.

რაც შეეხება კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს, ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პრემიერის მოტივირებული შენიშვნების მიღებიდან 10 დღის ვადაში პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის.

”თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის.

თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში”, - ნათქვამია ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში.