ვერ წარმოგვიდგენია, ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჩვენთან მიმართებაში ახალი პირობა გამოიყენოს

ვერ წარმოგვიდგენია, ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჩვენთან მიმართებაში ახალი პირობა გამოიყენოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია არც ოფიციალური და არც არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა უშუალოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემაც. როგორც მან ”მაეტროსთან” საუბარში აღნიშნა, საქართველომ გადაჭარბებით კარგად შეასრულა ვიზალიბერალიზაციით დაკისრებული მოთხოვნები და ამ მიღწევების აღიარების მოლოდინშია.

”აღნიშნულის შესახებ ჩვენ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია და ნამდვილად ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება აღნიშნული მუხლი დამატებით იქნას ჩადებული რაიმე ფორმატში ჩვენთან მიმართებაში.

საქართველომ გადაჭარბებით კარგად შეასრულა ის მოთხოვნები, რომელიც დაკისრებული ჰქონდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით და შესაბამისად, ძალიან ცხადი მოლოდინია, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.

ახლა ჯერი არის ევროკავშირის პარლამენტზე და ევროკავშირის საბჭოზე, რომ მოხდეს ამ მიღწევების აღიარება”, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. ამის შესახებ გერმანული „დი ველტი“ წერს.

გამოცემა ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

„დი ველტის“ ინფორმაციით, მსგავსი პირობები შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც.

ე.წ გადადების პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გავრცელებული ცნობით, საკითხის განხილვას 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპირებენ.