ახალი სახეები “ნაციონალების” საარჩევნო სიაზე უარს აცხადებენ – რის გამო აქვთ კონფლიქტი პარტიაში

ახალი სახეები “ნაციონალების” საარჩევნო სიაზე უარს აცხადებენ – რის გამო აქვთ კონფლიქტი პარტიაში

„ახალი სახეები “ნაციონალების” საარჩევნო სიაზე უარს აცხადებენ“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციითვე, ძველი სახეები საარჩევნო სიაში ვერ ხვდებიან და პარტიაში კონფლიქტი აქვთ.

„პარტიის კულუარებში ითქვა, რომ კირკიტაძე და ნადირაშვილი სიაში გამსვლელ ადგილებს ვერ ჯავშნიან, ახალ სახეებს კი „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში მოხვედრა არ ხიბლავთ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პარტიაში შეთანხმება უკვე მიღწეულიაო, თუმცა, დეტალები არ ხმაურდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეთანხმებულ ფორმულაზე განმარტებას არ აკეთებენ. ინფორმაციაში, რომელიც ოფიციალურად დაიდო, ნათქვამი იყო, რომ საბჭო შეთანხმდა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, საარჩევნო სიის შედგენის ფორმულა საბჭოზე კი არა, ოდესაში შეთანხმდა.

ამ მისიით „ნაციონალური მოძრაობიდან“ სააკაშვილთან კაკო ბობოხიძე გაემგზავრა. ცნობილია, რომ სააკაშვილმა ათეულში ახალი სახეების ჩასმა მოითხოვა.

პარტიას დათანხმება მოუწია, თუმცა, მათ საკუთარი შეხედულება ჰქონდათ მეორე და მესამე ათეულების დაკომპლექტებისა.

ითქვა, რომ ყოველი მეორე ან მესამე ძველი სახე შეირჩეს იმის მიხედვით, ვინ უფრო გავლენიანია და რამდენად ბევრი ხმის მოტანა შეუძლია პარტიისთვის“,- წერს სტატიის ავტორი.

ამავე სტატიის თანახმად, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიაში შეთანხება შედგა, თუმცა დეტალები ჯერ არ კონკრეტდება.

ცნობილი გახდა მხოლოდ იმ ახალი სახეების ვინაობა, რომელთა „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში ჩასმაც ოდესის გუბერნატორმა მოისურვა. მათ შორის იყვნენ: ლადო გურგენიძე – ყოფილი პრემიერი, ეკა ტყეშელაშვილი – ყოფილი ვიცე-პრემიერი, გეგა მგალობლიშვილი – ყოფილი პრემიერი, არჩილ კონცელიძე „ვი-თი-ბი ბანკის“ პრეზიდენტი და გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი ინფორმაციით, მათ „ნაციონალებს“ საარჩევნო სიაში ჩასმაზე უარი უთხრეს.

გაზეთი „პრაიმტაიმმა“ ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირება მოახერხა, რომელმაც პირად საუბარში დაადასტურა, რომ არ სურს პოლიტიკაში ჩართვა და სიაზეც უარი თქვა.

„პირველი ათეულში ახალი სახეები იქნებიან, მეორე ათეულში – რეგიონალური ლიდერები, ანუ ისინი, ვისაც ადგილებზე გავლენები სერიოზული აქვთ და პარტიას სოლიდურ ხმებს მოუტანენ. ამ მიმართულებით ადგილებზე პრაიმერებიც გაიმართება.

მესამე ათეულში შეიძლება ერთი-ორი ძველი სახეც გამოჩნდეს, თუმცა ჯერ არაფერია ცნობილი. ამბობენ, რომ ოდესის გუბერნატორი სიის მაქსიმალურად განახლებას ითხოვს. ასე რომ, უცნობია, როგორ განაწილდებიან ძველი სახეები.

კულისებში ითქვა, რომ ამ თემაზე ძველ „გვარდიას“ ახალ სახეებთან სერიოზული კონფლიქტიც მოუვიდა. გამსვლელ ადგილებს ვერ დაიკავებენ დავით კირკიტაძე და ირმა ნადირაშვილი. ამ თემაზე პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაც ყოფილა. „ნაციონალები“ ამ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ, ითქვა მხოლოდ, რომ სია მაისში მზად იქნება“,- წერია სტატიაში.