ქართველი დიპლომატები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩაიდოს

ქართველი დიპლომატები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩაიდოს

დეპუტატ თემურ ნერგაძის ინფორმაციით, ქართველი დიპლომატები ჯერჯერობით არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს.

„ჯერჯერობით ჩვენი დიპლომატები არ ადასტურებენ, რომ ასეთი რაღაც შესაძლებელია. იმედია, ასე არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა, არც ეგაა დიდი უბედურება - 2-3 თვით გადაიწევს ამ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია. ეს გამოიწვია, ალბათ, რეგიონში პრობლემებმა - თურქეთი, უკრაინა, ყარაბაღი, სირია - ბევრი რამ არის ეთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ მე არა მგონია, რომ ამან იმოქმედოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე“, - განაცხადა თემურ ნერგაძემ.

ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. ამის შესახებ გერმანული „დი ველტი“ წერს.

გამოცემა ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

„დი ველტის“ ინფორმაციით, მსგავსი პირობები შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც.

ე.წ გადადების პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გავრცელებული ცნობით, საკითხის განხილვას 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპირებენ.