აუდიტორიის წევრებზე დიდი ხანია ხორციელდება ზეწოლა პირდაპირი და ირიბი გზებით. პრემიერისგან მივიღეთ პირობა, რომ ის ამ საკითხს ყურადღების გარეშე არ დატოვებს, - ამის შესახებ „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა წევრმა დეა მინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა სტუდენტმა გიორგი კვირიკაშვილს განუცხადა, რომ მის ოჯახში სუს-ის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც მშობლებს მასზე ინფორმაციას თხოვდნენ.
დეა მინაძის განცხადებით, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და მსგავსი ფაქტები პერმანენტულად ხდება.
”აუდიტორია 115-”ის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით კი, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მის სახლშიც იმყოფებოდნენ, ხოლო ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან და მისმა მეგობრებმა „ოდეერების“ სახელები და გვარები დაასახელეს და მათი უნივერსიტეტიდან გაყვანა მოითხოვეს.
„ბათუმში, სადაც მეოთხე წელია უკვე აღარ ვცხოვრობ, მივიდნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ჩემი მშობლები დაკითხეს. მეორე დღესვე მივმართე სახალხო დამცველს, მივაწოდე ინფორმაცია, რომელიც მან ორ დღეში დაამუშავა, გადაამოწმა, ასევე მიმართა შს სამინისტროს, რომელსაც ჰქონდა ათდღიანი ვადა ინფორმაციის მოწოდებისთვის, თუმცა 46-ე დღეა გასული და სახალხო დამცველს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია დღემდე არ მიუღია“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, რომლის ინფორმაციითაც, სტუდენტები კვირის მეორე ნახევარში პრემიერ-მინისტრს ”აუდიტორია 115”-ში ისევ შეხვდებიან.
”აუდიტორია 115”-ის წევრებმა პრესკონფერენციაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზეც და განაცხადეს, რომ ”აუდიტორია 115”-ისა და ტექნიკური უნივერისტეტის მოშიმშილეების ინტერესები ”რაღაც საკითხებში” ერთმანეთს ემთხვევა.
”მაგალითად, ”აუდიტორია 115” ეთანხმება მათ იმაში, რომ მესამედ ერთი და იგივე რექტორის არჩევა არ შეიძლება”, - განაცხადა დეა მინაძემ.