აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებში, ალი გასანოვმა განაცხადა.

მისივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.

გასანოვის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესისთვის მზადება მიმდინარეობს.

„შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს მოლაპარაკებების ინტენსიური ეტაპი“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება აპრილის დასაწყისში დაიძაბა. შეიარაღებული დაპირისპირება რამდენიმე დღეს გაგრძელდა, შემდეგ კი მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ისინი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს დღემდე ადანაშაულებენ.