არჩევნებზე მივდივართ იმისთვის, რომ მოქალაქეებისგან რაც შეიძლება მეტი ნდობა მივიღოთ და მეტი წონა და გავლენა გვქონდეს

არჩევნებზე მივდივართ იმისთვის, რომ მოქალაქეებისგან რაც შეიძლება მეტი ნდობა მივიღოთ და მეტი წონა და გავლენა გვქონდეს

სანამ ჩავთვლით, რომ საჭიროა ქვეყნის მართვაში მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკელთა” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კითხვას იმის თაობაზე, თუ როდის დატოვებენ ”რესპუბლიკელი” მინისტრები მთავრობის შემადგენლობას.

უსუფაშვილის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული თარიღი არ არსებობს. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიისთვის პრიორიტეტული სწორედ საარჩევნო საკითხები გახდება.

„რესპუბლიკელები” ვართ პასუხისმგებელი საქართველოს მოსახლეობასთან. მომავალ არჩევნებზე მივდივართ იმისთვის, რომ მოქალაქეებისგან რაც შეიძლება მეტი ნდობა მივიღოთ და მეტი წონა და გავლენა გვქონდეს პარლამენტშიც და მთავრობაშიც. დღევანდელი მონაცემებით, სანამ ჩავთვლით, რომ საჭიროა ქვეყნის მართვაში მივიღოთ მონაწილეობა, ამას გავაგრძელებთ. ამასთანავე, საარჩევნო პრიორიტეტები ნელ-ნელა უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი გახდება, ისევე, როგორც სხვა პარტიებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.