შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით არ უნდა არსებობდეს

შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით არ უნდა არსებობდეს

„აუდიტორია 115“-ის წევრები და პრემიერ-მინისტრი დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, სტუდენტები შექმნიან სამუშაო ჯგუფს და ამ ჯგუფთან პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას შეხვედრას გამართავს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. მოთხოვნები არის ძალიან საჭირო. მე ყურადღებით მოვისმინე მათი პოზიციები. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს.

რაც შეეხება კონკრეტულად, ფორმებს, შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ. მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრა შემდეგი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც სამუშაო ატმოსფეროში იქნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე და ა. შ. ასევე გვექნება საუბარი უნივერსიტეტებში მმართველობის ორგანოების სტრუქტურაზე და ყველა მტკივნეულ საკითხზე აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაც შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი, ზოგს ჩვენ მოვისმენთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.