”აუდიტორია 115”-ის წევრები თსუ-ის მე-6 კორპუსში იმყოფებიან

”აუდიტორია 115”-ის წევრები თსუ-ის მე-6 კორპუსში იმყოფებიან

სტუდენტური მოძრაობა ”აუდიტორია 115”-ის წევრები ამ დროისთვის თსუ-ის მე-6 კორპუსში იმყოფებიან. მათ მე-6 კორპუსის კარები შიგნიდან არის ჩახერგილი. კარებზე კი თავიანთი მოთხოვნების ჩამონათვალი წერილობითი სახით აქვთ გამოკრული.

”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნებია, უნივერსიტეტებში სტუდენტთა წარმომადგენლობას ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები; ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა გაუქმდეს; დაუყოვნებლივ შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი; შეიცვალოს აკადემიური საბჭოს შემადგენლობა; აკადემიურ საბჭოს ჰყავდეს მეტი წევრი; შედგეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან თსუ-ის პირველი კორპუსის #115-ე აუდიტორიაში. მთავრობის თავმჯდომარემ პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს: არის თუ არა მზად მმართველი ძალა წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად, კანონი ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა შეცვალოს, გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეფერირების მექანიზმის დასანერგად, რა იგეგმება უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება. სტუდენტების კიდევ ერთი მოთხოვნაა ოდეერების საქმის გამოძიება. მათ კონკრეტული ბანერებიც აქვთ გამოკრული მე-6 კორპუსის კარებზე. კერძოდ, „სისტემა უნდა დაინგრეს,“ „პრიორიტეტი მეცნიერებას“ და მოწოდება „ერთობლივი ბრძოლისთვის“.

სტუდენტები დღეს, 18.00 საათზე გამართავენ აქცია-კონცერტს უნივერსიტეტის ეზოში. მანამდე კი ისინი მსჯელობენ სამოქმედო გეგმაზე. მათივე განცხადებით, ისინი კვლავ მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის მისვლას და მათთან შეხვედრას, რადგან სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ მათ მოთხოვნებზე გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი პირი პრემიერ-მინისტრია.