საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ყველა კრიტერიუმი შესრულებული აქვს

საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ყველა კრიტერიუმი შესრულებული აქვს

საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ყველა კრიტერიუმი შესრულებული აქვს. ახალი პირობების წამოყენება საქართველოსთვის არასწორი იქნება, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან საუბრისას აღნიშნა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები მინისტრებს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

უწყების ინფორმაციით, მინისტრების შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შედგა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ედგარს რინკევიჩს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში ლატვიის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტსა და სამიტისთვის მზადების პროცესზე ისაუბრეს.

„თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. მიმდინარე საკითხების გარდა, განვიხილეთ ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი და ვიზალიბერალიზაცის თემა. ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს და გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპის პარლამენტმა და საბჭომ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ. მჯერა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გვქონდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერ გზავნილებს. ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა მოხდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება და მეორე, უელსის სამიტთან შედარებით, ვარშავის სამიტზე უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. საჭიროა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზარდოს,“ - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ, რომლის კომენტარსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.