18-21 აპრილს საქართველოში დათბება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში დღეს წვიმს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი ზოგიერთ რაიონშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში კი ნალექი შესაძლოა თოვლჭყაპის სახით იყოს.
დასავლეთ საქართველოში დღეს დღისით ჰაერის საშუალო ტემპერატურა 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 15-20 გრადუსის ფარგლებში. ასევე, დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება, ზოგან - 20-25 მეტრი წამში;
აღმოსავლეთ საქართველოში კი პერიოდულად შესაძლებელია ქარის სიჩქარემ 28 მეტრს მიაღწიოს, მათ შორის თბილისის გარეუბნებში.
ხვალ საქართველოში ქარი შესუსტდება, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა 20-25 მეტრი წამში იყოს, დასავლეთ საქართველოში - 17-22 მეტრი წამში.
ხვალ ქვეყნის უმეტეს რაიონში წვიმა შეწყდება და დღისით ჰაერის საშუალო ტემპერატურა მოიმატებს. ხვალ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 16-21 გრადუსის ფარგლებში.
18 აპრილს საქართველოში ამინდი გამოიდარებს და შედარებით დათბება. ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე იქნება. კარგი ამინდი ქვეყნის ტერიტორიაზე 21 აპრილამდე შენარჩუნდება.