”აუდიტორია 115”-ის სტუდენტების აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სწავლის პროცესი შეფერხდა. როგორც ლექტორები აცხადებენ, დღეს დილით ლექციების ჩატარება მათ ვერ მოახერხეს.
”10:00 საათზე ლექცია მქონდა და როცა მოვედი კარი უკვე ჩაკეტილი დამხვდა. ჩვენ ისეთი სპეციფიკური ლექცია გვქონდა, რომლის ტექნიკაც შენობაშია, აქედან გამომდინარე ვერ მოვახერხეთ ლექციის ჩატარება. სტუდენტთა მოთხოვნებს ვიზიარებთ, მაგრამ პროტესტის ფორმა არ მომწონს. ვფიქრობ, რომ აქციების გამართვა სწავლის პარალელურადაც შეიძლება”, - განაცხადა თბილიისს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ნათია კუპრაშვილმა.
„11:00 საათზე იყო ლექცია, რომელიც შესაბამისად გაცდა. მივესალმები, რომ სტუდენტები იბრძვიან მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, მაგრამ კარგი იქნება, თუ ისინი სწავლის პროცესს არ მოცდებიან“, - განაცხადა თსუ-ს ლექტორმა ეკა ფირცხალავამ.