არაგონივრულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან პრობლემების გადაწყვეტაზე არ უნდა ვისაუბროთ

არაგონივრულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან პრობლემების გადაწყვეტაზე არ უნდა ვისაუბროთ

როგორ წარმოგიდგენიათ, განვავითაროთ ეკონომიკა იმ პირობებში, მუდმივად გავკიოდეთ, რომ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, არაგონივრულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან პრობლემების გადაწყვეტაზე არ უნდა ვისაუბროთ.

”ჩვენ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ტემპერატურის დაწევა. შევძელით, რომ დღეს არ გვაქვს იმ დონის დაძაბულობა, რაც იყო. მიუხედავად ოკუპაციისა, რომელიც რჩება უდიდეს გამოწვევად, ჩვენ ეს შევძელით დიალოგების ფორმატების მეშვეობით. ჟენევის ფორმატი რჩება უმთავრეს ფორმატად, ასევე შევქმენით ახალი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მე მგონია, რომ შედეგი არის სახეზე. ყოველ შემთხვევაში დღეს გვაქვს იმ დონის სტაბილურობა ქვეყანაში, რაც საშუალებას იძლევა ქვეყნის უფრო სწრაფი, დინამიური განვითარების, ეს არ მომხდარა არც ერთი მცირეოდენი კომპრომისის ან დასავლური ორიენტირების ხარჯზე. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ქვეყნისთვის და მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია. ეს უმთავრესი პრიორიტეტებია, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის და მოქალაქეების დაკვეთა. არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება ამ დაკვეთას გადაუხვიოს”, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს დაკვეთა არ გულისხმობს იმას, რომ მთავრობა ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატზე გაჰკიოდეს, რომ ”ჩვენ ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი, ან სნაიპერებს დამიზნებული ჰყავს საქართველოს ავტობანზე მომავალი ტრაილერები და ა.შ.”.

”როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ განვავითაროთ ეკონომიკა და მოვიზიდოთ ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმ პირობებში, რომ მუდმივად გავკიოდეთ, რომ ტერიტორიაზე გვაქვს სამხედრო ბაზები. არიქა, გვიშველეთ, გადაგვარჩინეთო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამენაირად შევასუსტოთ ყურადღება იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის, ევროპელების, მათ თვალში ეს პრობლემა მეორეხარისხოვანი გავხადოთ. ეს არის ტაქტიკის საკითხი, თუ როგორ მივიტანთ პრობლემას პარტნიორებამდე და როგორ დავაბალანსებთ გზავნილებს ისე, რომ ერთის მხრივ ჩვენი საკითხი დავტოვოთ მათ დღის წესრიგში და მეორე მხრივ, შევქმნათ იმ დონის სტაბილურობის განცდა, რაც საჭიროა საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობამ ამ ამოცანას ძალიან დიდი წარმატებით გაართვა თავი. ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახარბიელო დინამიკა ოკუპაციის საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით და გვაქვს ხელშეკრულებების ხელმოწერა ინტეგრაციაზე, ასევე კეთდება განცხადებები რეფერენდუმებზე რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, ეს საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგოა. არც ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და საერთაშორისო თანამეგობრობაში რაიმე ინტეგრაციის პრეტენზია, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არავითარ შემთხვევაში არ მიესალმება და არ აღიარებს, უფრო მეტიც. საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს 5 დღის განმავლობაში 68-ზე მეტი შეხვედრა გავმართე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც მომიწია ძალიან აქტიური საუბარი, ჩვენს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან და მათ შორის ჩვენგან დაშორებულ ძალიან ბევრ პატარა ქვეყანასთან, რომ არაღიარების პოლიტიკა დავტოვოთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკური აქტივობის მიმართულებად”, - აღნიშნა პრემიერმა.