დღეს ახალი გამოწვევები გვაქვს და მე მზად ვარ, მივიღო ეს გამოწვევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა თანამდებობიდან მისი წინამორბედი პრემიერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წასვლასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა, უშუალოდ მის ამბიციებთან დაკავშირებით კი, ხაზი გაუსვა, რომ სურს, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველო დადებითი კუთხით შეცვალოს.
”ვფიქრობ, წინა პრემიერ-მინისტრების წასვლას არასტაბილურობის განცდა არ ახლდა და ამ პროცესს არანაირი რყევები არ მოჰყოლია. ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას და მან თავისი სიტყვა შეასრულა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ძალიან დიდი მიღწევა იყო ის ტექნიკური ანგარიში, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ევროკომისიის მხრიდან. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ვფიქრობ, რომ ამან რაიმე არასტაბილურობის განცდა შექმნა. დღეს ახალი გამოწვევები გვაქვს და მე მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევები. ჩემი დათანხმება ამაზე მარტივი არ იყო, რადგან ამ თანამდებობაზე მუშაობა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ადამიანის ცხოვრებაში - შემიძლია ერთი რამ გითხრათ: აქ სადღაც, ალბათ, ჩემი პირადი დაცვა დგას. ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება - მყუდროობის განცდა აღარ არსებობს, თუმცა ვცდილობ, რომ მინიმიზება მოვახდინო იგივე დაცვის სამსახურის და ესეც, ალბათ, მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება იმას, თუ რა ამბიცია მაქვს, მე მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ამბიცია, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველო ძალიან მნიშვნელოვნად შევცვალო დადებითი კუთხით, ქვეყანაში დავასრულოთ კონფრონტაცია, სიძულვილის განცდა ადამიანებს შორის და სწრაფი განვითარების მიმართულებით გადავდგა ბევრი ნაბიჯი. ისიც აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, რომ ნაბიჯები ამ მიმართულებით ყოველთვის არ არის პოპულარული”, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით არც ერთ კომპრომისზე არ წავა და არ გააკეთებს იმას, რისიც არ სჯერა.
”მე იმის გამო, რომ კიდევ 4 წლის შემდეგ დავრჩე ხელისუფლებაში, არც ერთ კომპრომისს არ გავაკეთებ - ეს არის ჩემი დაპირება. მე ვეცდები ამ 4 წლის განმავლობაში გავაკეთო ის, რაც სწორი იქნება, 4 წლის იქით რა მოხდება, ეს უკვე ჩვენმა საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. ამიტომ, ვფიქრობ, სწორია, რომ ჩვენ ერთ საარჩევნო ციკლზე ვიფიქროთ. ამ 4 წლის განმავლობაში მე შევეცდები, არც ერთი კომპრომისი არ დავუშვა ანუ არ გავაკეთო ის, რისიც არ მჯერა. აი, ეს არის ჩემი ამბიცია”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.