გიორგი კვირიკაშვილი:  კონფრონტაცია და დესტრუქცია დასამთავრებელია

გიორგი კვირიკაშვილი: კონფრონტაცია და დესტრუქცია დასამთავრებელია

რამდენად ევროპელებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ კავკასიელები, ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა არის მომაკვდენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა გასულ 9 წელზე და აღნიშნა, რომ, როგორც არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამს, ახლაც ფიქრობს, რომ ეს იყო წარმატებებისა და წარუმატებლობის 9 წელი. მისივე თქმით, ამ 9 წლის განმავლობაში იყო მიმართულებები, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებებს.

”იყო ამ ქვეყანაში, რაც ჩვენს მოქალაქეებს მოსწონდათ და მათ შორის მეც მომწონდა. მომწონდა საგადასახადო და საბაჟო სისტემის რეფორმა, მომწონდა არაერთი სხვა რაღაც. ეს არ დამიმალავს და მე მგონი ჩვენი ძალა ამ სიმართლის თქმაში უნდა იყოს.

2007 წლიდან მოყოლებული კი ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი და ესეც უნდა ვთქვათ. რაც მაშინ ხდებოდა, აღარ მოვყვები ამ საშინელებას. არის ეს სინამდვილე, მაგრამ ამაზე კიდევ მეტი აქცენტის გაკეთება აღარ აინტერესებს ხალხს და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე.

პოლარიზაცია გარკვეულწილად კარგია აზრთა სხვადასხვაობის კუთხით, მაგრამ კონფრონტაცია და დესტრუქცია დასამთავრებელია ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი არაერთი მოწოდება ზოგიერთი ოპონენტის მიერ არ იქნა მიღებული და ვერ მოახერხეს გადაწყობა ახალ ფორმაზე. მე ვთავაზობ ჩვენს ქვეყანას, ხალხს, რომ დავასრულოთ პიროვნული შეურაცხყოფები. რამდენად ევროპელებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ კავკასიელები, ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა არის მომაკვდინებელი. ადამიანმა შეიძლება უბრალოდ ვერ გაუძლოს და მოკლას ვიღაც ამის გამო. ამიტომ დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ეს უბედურება, პირადი შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, გავავლოთ მკაფიო ხაზები ოპონირებასა და შეურაცხყოფას შორის. ჩემი მთავარი მიზანია ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანებს მეტი სითბო ექნებათ ერთმანეთის მიმართ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.