ვფიქრობ, სუს-ის გამოყოფა შსს-დან სწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, არსობრივად ბევრი რამ შეიცვალა.
”არ მინდა ცხრა წელი ვახსენო, მაგრამ თუ თქვენ ვერ ამჩნევთ ცვლილებებს 2011-2012 და 2013 წლებს შორის, მაშინ დასკვნების გაკეთება მაყურებლისთვის მიმინდია. რაც შეეხება სუს-ს, ამაზე პასუხს ცოტა იუმორში გადავიტან, სუს-ის თანამშრომელი თუ პაატა ბურჭულაძის ფონდში გაწევრიანდა და თუ ის დაჰყვება რეგიონებში გამოსვლების დროს ფონდს, მაშინ მე ვფიქრობ, არ ვიცი რა ვთქვა, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. თუ გაქვთ კონკრეტული ფაქტები მითხარით. ვფიქრობ, თქვენი განცდა ცოტა გადაჭარბებულია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ის პირადად ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ”პატრიოტთა ალიანსის” წევრის ცემის ფაქტზე გამოძიება მაქსიმალურად მკაცრად ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს, რა თანამდებობაზეც უნდა იყოს ის.