პირდაპირ გეუბნებით, არანაირი სურვილი არ მაქვს, ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა რამენაირად შეიცვალოს

პირდაპირ გეუბნებით, არანაირი სურვილი არ მაქვს, ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა რამენაირად შეიცვალოს

თქვენი სარედაქციო პოლიტიკა, სამწუხაროდ, არის ტენდენციური და ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, - ასე მიმართა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, რითაც ტელეკომპანიის საქმეზე არსებულ სასამართლო განხილვებთან მიმართებაში, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში დაფიქსირებული უარყოფითი შეფასებების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

”იმ პერიოდში (საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს) არაერთი შეხვედრა მქონდა, რომელზეც არაერთ ევროპელ მაღალი რანგის ჩინოვნიკს ვთხოვე გამოეგზავნათ საქართველოში სპეციალური ჯგუფი, რომელიც ”რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა. მე ნამდვილად ვერ დავაკვალიფიცირებდი ამ შემთხვევას, რომ ეს იყო შეტევა მედიასაშუალებაზე. საქართველოში მედიასაშუალებაზე შეტევის მაგალითები და გაცილებით მძიმე, ჩვენ წარსულში გვინახავს და არ მგონია, თქვენ თვითონ გულში, გულწრფელად გჯეროდეთ, რომ სახელმწიფოსგან ეს იყო მედიის ხელში ჩაგდების მცდელობა. შესაძლოა, სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის კუთხით იყო გარკვეული ხარვეზი, მაგრამ მე პირადად ჯერ კიდევ იმ პერიოდში გავაკეთე განცხადება, რომ შექმნილიყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან შემდგარი გარკვეული საბჭო, რომელიც უზრუნველყოფდა ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და არა ობიექტურობას - მე ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი სარედაქციო პოლიტიკა, სამწუხაროდ, არის ტენდენციური და ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ”, - განაცხადა პრემიერმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში მათი ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უარყოფითი შეფასებების დაფიქსირება და ხომ არ არის ეს გამოწვეული თუნდაც იმით, რომ კვირიკაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას საქართველოს ხელისუფლების სიმართლეში უცხოელი პარტნიორების დარწმუნება ვერ შეძლო.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ აქვს ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.

”რაც შეეხება იმას, მე რა ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას - არ ვფიქრობ, რომ დღეს ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, როცა ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს. დღეს თქვენ გაქვთ საშუალება თავისუფლად გახვიდეთ ეთერში და არმგონია თქვენზე ვინმე ზეწოლას ახორციელებდეს.

პირდაპირ გეუბნებით, არანაირი სურვილი არ მაქვს, ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს რამენაირად, მითუმეტეს არჩევნებამდე, რადგან ვინმეს არ ჰქონდეს სალაპარაკო, რომ ჩვენ რამის შეგვეშინდა. არ გვიშია ნამდვილად”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ”ფრიდომ ჰაისის” ანგარიშში საუბარია ძალიან ბევრ დადებით ტენდენციაზე, მათ შორის სასამართლო სისტემის კუთხით.