ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომ დღეს გარკვეული ნაპრალია მთავრობისა და ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონეს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის ხარჯებსა და პრემიების თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი ”ქართული ოცნების” მხარდამჭერთა კლების სწორედ მაღალი საბიუჯეტო ხარჯები გახდა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას საკმაოდ ჩამოყალიბებული, მკაფიო გეგმა გააჩნია იმ სტადარტებზე, რომელიც უნდა იქნას სახელმწიფო ბიუროკრატიაში.
”მე ვფიქრობ, რომ აქ იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მისაღები. მე პირადად შავი ჯიპები დასანახად მეზარება და შავი მანქანა საერთოდ აღარ მიყვარს. საკმაოდ ჩამოყალიბებული მკაფიო გეგმა გაგვაჩნია იმ სტადარტებზე, რომელიც უნდა იყოს სახელმწიფო ბიუროკრატიაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან პრემიებისა და ხელფასების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ის ფიქრობს, რომ საჯარო უწყებებში ხელფასები კონკრეტულ მიმართულებებზე უნდა მოიმატოს. ”შესაძლოა იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც იყო გადამეტებული პრემიები გაცემული და ასეთები იყო და მე ვიცი. ის, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ ხელფასები, არ მგონია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს, ვინაიდან ჩვენ დღეს ვიმყოფებით კონკურენტულ ბაზარზე. ძალინ მნიშვნელოვან კონკურენციას გვიწევს კერძო სექტორი. ჩვენ თუ კვალიფიკაციის დონეს დავწევთ საჯარო სექტორში, ძალიან გაგვიჭირდება კვალიფიციური ადამიანების მოყვანა.
თუმცა მთლიანობაში ბიუროკრატიის ზომა და მასშტაბები შესამცირებელია და ეს გახლავთ ერთ-ერთი ნაწილი მმართველობის რეფორმის, რომელიც მე მოგახსენეთ. როდესაც ჩვენ შევქმნით მმართველობის ერთიან წინა ხაზს, სადაც მთავრობა გახდება უფრო მომსახურებაზე და სერვისზე ორიენტირებული, რაც თავისთავად გამოიწვევს მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას მთავრობაში.
ხელფასების დონის შემცირებას არ ვაპირებ და პირიქით შესაძლოა ზოგიერთ მიმართულებაში უფრო მეტი პროფესიონალი დაგვჭირდეს. მაგალითად ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება და სხვადასხვა მიმართულებები, სადაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ხელფასების დონით კერძო სექტორის იმავე მიმართულებების დონეს.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უნდა გადავუხადოთ ადეკვატური ხელფასები, თუმცა არ უნდა დავიქირაოთ ამდენი ადამიანი, რამდენიც გვყავს. არ უნდა ვიყიდოთ ისეთი კლასის მანქანები, რომელსაც დღეს ჩვენ ვყიდულობთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.